რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპიანი იქნება: აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა პირველ, ძირითად ეტაპზე 2019 წლის 3 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ. აბიტურიენტმა ამ პერიოდში უნდა მიუთითოს საგნები – არანაკლებ 4 გამოცდისა. სახელოვნებო/სასპორტო მიმართულების ფაკულტეტებზე ჩაბარების მსურველებმა არანაკლებ 3 გამოცდისა.

 

ერთი გამოცდა მაინც უნდა აირჩიონ აბიტურიენტებმა, თუ ისინი აბარებენ: მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე (ქართული ენა და ლიტერატურა) ან ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე (ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი გამოცდა: ზოგადი უნარები აზერბაიჯანულ ენაზე; ზოგადი უნარები სომხურ ენაზე; აფხაზური ენა; ოსური ენა. ეს რეგულაცია ვრცელდება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე).

 

3 აპრილის 18:00 საათის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს.

 

აბიტურიენტს 7 მაისის 18:00  საათამდე შეეძლება საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა. მაგ.: თუ აბიტურიენტს არჩეული ჰქონდა ფიზიკა, მაგრამ გადაწყვიტა ისტორიის ჩაბარება. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება როგორც საგნის, ასევე საგამოცდო ენის შეცვლაც (მაგ.: ზოგადი უნარების გამოცდა ქართულად შეიძლება მან ჩაანაცვლოს ზოგადი უნარების გამოცდით აზერბაიჯანულად, ან სომხურად და ა. შ.). მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ (7 მაისი) საგანთა ჩამონათვალში ცვლილება ვეღარ განხორციელდება. 

 

რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ (დეტალური კალენდარი ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე იხ. თანდართულ ფაილში).

 

სიახლეებისა და პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: www.naec.ge  („ცნობარი აბიტურიენტებისათვის“).