2018 წლის 6 ნოემბერს მე-6 ბკლასში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა მაკა კაციტაძემ ჩაატარა პროექტი,  თემაზე: „იგავ-არაკების სამყაროში“.
გამოჩენილი ადამიანები ისტორიის ფურცლებზე წარუშლელ კვალს ტოვებენ მომავლის საიმედოდ. ასეთი ლამაზი, ცრემლიანი და სახელოვანი კვალი დაგვიტოვა დიდმა მეიგავემ, დიპლომატმა და გულანთებულმა მამულიშვილმა სულხან-საბა ორბელიანმა.

პროექტზე მუშაობა  დაეხმარება მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში. გაეცნობიან იგავური ალეგორიზმის ფორმას, რომელსაც ხანგრძლივი ისტორია აქვს და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქრისტიანულ აზროვნებაში; გაიაზრებენ იმ ზნეობრივ პრინციპებს, შეგონებებსა და სწავლებას, რომლებიც იგავებშია გადმოცემული; ნახავენ, თუ როგორ იქცა სახარებისეული იგავები ხელოვანთა (მხატვრების, კომპოზიტორების) შთაგონების წყაროდ.

პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში თავისუფალი აზროვნების, მსჯელობის უნარის განვითარებას, დააფიქრებს მათ ადამიანის უარყოფით თვისებებზე, დაეხმარება თანატოლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში, გამოუმუშავებს ჯგუფში მუშაობის უნარს. აგრეთვე გამოავლენენ და განავითარებენ შემოქმედებით უნარებს. მთელი პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეები ამჟღავნებდნენ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ ინტერესს, ანგარიშს უწევდნენ ერთმანეთს, კრიტიკულად აფასებდნენ სიტუაციას.

პროექტისათვის უმნიშველოვანესი იყო ის, რომ იგი სცილდებოდა სასწავლო პროგრამას და მოიცავდა ასევე აღმზრდელობით მიზნებს, რაც ხელს უწყობს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, ადამიანური ვალდებულებების გათავისებას, ჯანსაღი გარემოს შექმნას.

პროექტმა დასახულ მიზანს მიაღწია. მოსწავლეებს განუვითარდათ არგუმენტირებული მსჯელობის, კრიტიკული აზროვნების, ანალიზის, სინთეზის, თანამშრომლობის უნარები, აუმაღლდათ ცნობიერება. რაც მთავარია, მსგავსი პროექტები ხელს უწყობს სამოქალაქო აზროვნების განვითარებას, პასუხისმგებლობისა და თვითშეგნების ზრდას ახალგაზრდებში, რაც სამოქალაქო ინიციატივის მქონე, ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბების საწინდარია.

თითოეულმა მოსწავლემ დაინახა საკუთარი პოტენციალი, აუმაღლდათ თვითშეფასება და განსაზღვრეს პროექტული სწავლების ეფექტური როლი არა მარტო სწავლა-სწავლებაში, არამედ საზოგადოების გაჯანსაღებაში, სოციალური და ფსიქოლოგიური მხარის დახვეწა-განვითარებაში.