6 მარტს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ეკა ყურაშვილმა, მე-12 ბ კლასში მოაწყო დისკუსია თემაზე: ” არავის იმდენი მტერი არ ჰყავს ქვეყნად, როგორც ბრძენკაცს, გმირსა და ოსტატს” მას შემდეგ, რაც მოსწავლეებმა შეისწავლეს კონსტანტინე გამსახურდიას “დიდოსტატის მარჯვენა”, ჩაუღრმავდნენ ავტორისეულ ჩანაფიქრს, გაიგეს რომ ამ ნაწარმოებს საფუძვლად უდევს სვეტიცხოვლის მშენებლობის ნახევრად ლეგენდარული ისტორია. ნაწარმოების მხატვრული კონცეფცია ხორციელდება მეფე  გიორგი I-სა და სვეტიცხოვლის ხუროთმოძღვრის, კონსტანტინე არსაკიძის მხატვრულ სახეთა გახსნითა და შეპირისპირებით. გიორგი პირველი შინააშლილობის დათრგუნვის გზით მტკიცე პოლიტიკური ერთმმართველობის დამკვიდრების გამოხატულებაა. არსაკიძე -შემოქმედებითი პოტენციის, ხელოვნებისა და  შრომის დიდ თემას განასახიერებს. სვეტიცხოველი ერის სულიერ-ზნეობრივი და ესთეტიკური იდეალების მატერიალიზებული სიმბოლოა.

მოსწავლეებმა გამოთქვეს სხვადასხვა თვალსაზრისი, ზოგიერთისთვის მთავარი გმირი და იდეალი მეფე გიორგია, ზოგიერთისთვის-არსაკიძე. ზოგს ამ ნაწარმოების მთავარ “პერსონად” სვეტიცხოველი მიაჩნია. დისკუსიაც სწორედ ამ კუთხით წარიმართა და შემდეგ სიკვდილს მიახლებული მეფის აღსარების, დღესაც აქტუალური სიტყვებით შეჯერდა და დაგვირგვინდა.