„დედავ- სიცოცხლის დიდო საწყისო,

დედავ- სიცოცხლის ბურჯო მაგარო

ეს გული შენი გულით ხალისობს

შენი თვალებით ვხედავ სამყაროს…“

 

-გავაცილეთ ზამთარი და აი, როგორც იქნა დადგა წელიწადის ულამაზესი დრო -გაზაფხული.

– მოვიდა გაზაფხული და მოიტანა სითბო, სილამაზე.

-დედაბუნებას ძარღვებში გაყინული სისხლი აუჩქეფდა და იფეთქეს კვირტებმა.

– დამზრალ ტოტებს შემოასკდათ გულზე ყვავილი.

– გაზაფხული წელიწადის  ოთხ დროს შორის  ერთ-ერთი უმშვენიერესი დროა.

– მარტის თვეში აღინიშნება დედის დღე, ქალთა დღე, რომელსაც ჩვენ, ქალბატონები, დიდი სიხარულით ველით.

 

არის დღე, რომელიც მხოლოდ ქალებს ეკუთვნის, ის გაზაფხულის მოსვლას ემთხვევა და ალბათ ეს არ არის შემთხვევითი. ქალთა დღესა და დედის დღეს მარტში აღნიშნავენ. ამ თვეს ხშირად ადარებენ ქალის ხასიათს, ზოგჯერ ცვალებადსა და შეუცნობელს, ჭირვეულსა და მტკიცეს…

გაზაფხულზე ბუნება იღვიძებს, ჰაერში გაზაფხულის სურნელი ტრიალებს. ქალიც ხომ სიცოცხლის საწყისია, გაზაფხულივით მშვენიერი და თბილი, მომხიბვლელი და ნაზი, ქალთა და დედის დღეს კი ქალებს განსაკუთრებულ სითბოსა და ყურადღებას უნდა უძღვნიდნენ.

დედა როგორც სამშობლო და ენა, ერთია. დედის იავნანა ტკბილია, დაუვიწყარი. დედა- შვილებზე ზრუნვით დაღლილი, მათ საწოლთან ღამენათევი, დედა-თმადათოვლილი, სახედანაოჭებული, ხელებდაკოჟრილი…

 

ამ მიზნით 2018 წლის 2 მარტს მე-2 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ მაკა კაციტაძესთან ერთად დედის დღისადმი მიძღვნილი საღამო გამართეს.

„დედავ სიცოცხლის-დიდო საწყისო“, „ია-ია დაგიკრიფე“, „სხვა საჩუქარი რა არის, ამ საჩუქარს რომ სჯობდეს“-ამ და სხვა ლამაზი სტრიქონებით მიესალმნენ მოსწავლეები თავიანთ დედებს. ფერად-ფერადი ყვავილებით მორთულ სცენაზე იგრძნობოდა გაზაფხულის სურნელება. პატარები მხიარული სიმღერებით, გულისამაჩუყებელი ლექსებით მიესალმნენ და მოეფერნენ თავიანთ დედიკოებს. უსურვეს დიდხანს სიცოცხლე და ულევი ბედნიერება. პატარა ინსცენირებით კი კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს დედაშვილობის სასწაულმოქმედ ძალაში. თავიანთი ხელით დამზადებული საჩუქრები უსახსოვრეს საყვარელ მშობლებს. მათ ქართველი პოეტების მიერ გაზაფხულზე, ქალსა და დედაზე დაწერილი ლექსები წაიკითხეს. შეასრულეს სიმღერები. დადგეს ულამაზესი ნომრები. სიყვარულით იყო გამსჭვალული თითოეული მოსწავლის სიტყვა.

 

ვფიქრობთ, ერთ-ერთი ლამაზი დღე ვაჩუქეთ დედებს. ყველა აქტივობით მოსწავლეებმა გამოხატეს საოცრად ფაქიზი, თბილი, სათუთი და ამაღელვებელი დამოკიდებულება დედებისადმი.

„ისევ მოსულან ყოჩივარდები

და გაზაფხული მოსულა ისევ“

ყველა დედას ვულოცავთ ამ ლამაზ დღესასწაულს!

დედა, მიყვარხარ იმისთვის, რომ მზესავით თბილი ხარ, მიყვარხარ იმისთვის, რომ ჩემი ჰაერი ხარ.“

ჩვენთვის საყვარელო ადამიანებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ დედის დღეს, იცოცხლეთ დიდხანს, თქვენს თვალებში მუდამ იბრწყინოს სიხარულის ცრემლმა.

ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველა დედას  და ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, მშვიდობას, ქვეყნისთვის საამაყო შვილების აღზრდას. გაიხარეთ და გაძლიერდით თქვენი შვილებით. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ყველა დედა-შვილი. მიხარია, რომ პატარები ასეთი კმაყოფილები იყვნენ. დღეს მათ ძალიან იმხიარულეს და თავიანთ  დედებს განსაკუთრებულად მიულოცეს ეს ლამაზი დღესასწაული.

უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ!