2018 წლის 18 იანვარს IIკლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ მაკა კაციტაძესთან ერთად იმუშავეს პროექტზე:

„მოსწყდნენ და გაფრინდნენ ფოთლები, ფოთლები“…

ამბობენ წელიწადის ყველა დროს თავისი ხიბლი აქვსო, მაგრამ განსაკუთრებული ხიბლით შემოდგომა გამოირჩევა. თბილი ფერები, ფოთოლცვენა, ბუნების გაფერადება…

პროექტის იდეა გაჩნდა ძალიან უბრალო შემთხვევის შედეგად. კერძოდ, სკოლაში მივდიოდი, როდესაც ეზოში შევნიშნე ვაზის წითელი, უჩვეულოდ ლამაზი ფოთოლი, რომელიც მოვწყვიტე და სკოლაში წავიღე. ვაჩვენე ბავშვებს და საუბრის დროს გაჩნდა იდეა, შეგვეგროვებინა ლამაზი ფოთლები, ხოლო რამდენიმე მოსწავლემ შემოგვთავაზა ფოთლებით აპლიკაციების დამზადება. იდეა ძალიან მოგვეწონა და გადავწყვიტეთ მიგვეცა პროექტის სახე და შეგვედგინა სამუშაო გეგმა. ჩანაფიქრი სისრულეში მოვიყვანეთ. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ, მათგან წამოვიდა ბევრი საინტერესო იდეა. ვაჩვენე შემოდგომის სურათები, მოვაწყეთ დისკუსია „წელიწადის დროები“. მოსწავლეებმა ისაუბრეს წელიწადის დროებზე, ბუნებაში მიმდინარე ცვლილებებზე, დაასახელეს მათთვის საყვარელი დრო, გაიხსენეს ლექსები შემოდგომაზე. მიღებული შთაბეჭდილებებით მოსწავლეებმა ხატეს თემაზე: „შემოდგომის ფერები“. ბოლოს კი მოვაწყეთ ნახატების გამოფენა. ბავშვები თავისუფლად გამოხატავდნენ საკუთარ აზრს, საუბრობდნენ გატაცებით, ხატვის დროს გამოიყენეს სხვადასხვა ფერები და შეუხამეს ერთმანეთს.

გაკვეთილების შემდეგ სკოლის ეზოში შეაგროვეს სხვადასხვა ფერისა და ზომის ფოთლები. სკოლაში შეგროვილი და სახლიდან მოტანილი ფოთლებით დაამზადეს აპლიკაციები. გააკეთეს საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია. ბოლოს მოვაწყეთ გამოფენა. შედეგად მივიღეთ საინტერესო ნამუშევრები.

მოსწავლეებს განუვითარდათ დაკვირვების უნარი, კომუნიკაბელურობის და შემოქმედებითი უნარები. პროექტი იყო საინტერესო და ბევრის მომცემი ბავშვებისათვის. მათ იმუშავეს ინტერესით, ხალისიანად, მეგობრულად.

ბოლოს შევაჯამეთ პროექტი. ვთვლი, რომ მიზანს მივაღწიეთ. მოსწავლეებმა შეძლეს ნაშრომების შექმნა, პრეზენტაციები და საკლასო ოთახის გარემოს მოწყობა საკუთარი ძალებით. პროექტის გამოფენა-პრეზენტაცია საინტერესოდ და წარმატებულად შევაფასეთ.