2017 წლის 1 დეკემბერს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა  მაკა კაციტაძემ IIკლასში მოაწყო გასვლითი გაკვეთილი – „ჩემი თვალით დანახული ზოოლოგიის მუზეუმი“.

მოსწავლეები გაეცნობიან, შეიქმნიან ზოგად წარმოდგენას ცხოველთა ბიომრავალფეროვნებისა და მინერალების შესახებ.

მუზეუმი არის უსაზღვრო შესაძლებლობების ადგილი თვალსაჩინოებითი სწავლებისა და მოსწავლეთა ჩართულობისათვის. ზოოლოგიის მუზეუმი უნიკალურია მთელ კავკასიაში. წარმოდგენილი ექსპონატები სასწავლო პროცესის დროს თვალსაჩინოებისთვის საუკეთესო მასალაა.

მოსწავლეები ეწვივნენ ზოოლოგიის მუზეუმს, სადაც 5000-ზე მეტი ექსპონატია დაცული. მარჯნის კოლექციამ მოსწავლეთა დიდი მოწონება დაიმსახურა, ჩონჩხებისა და რქის კოლექციაში წარმოდგენილი იყო მარტორქის, ლოსის, ირმის, ანტილოპის, ნიამორის და სხვა ცხოველების რქები. ასევე ლომების, ზოლიანი აფთრის, კენგურუს, მაიმუნის ჩონჩხები.

ულამაზესი იყო პეპლების კოლექცია. თევზების, ფრინველთა და სველი პრეპარატების კოლექციების დათვალიერებამ კი ნამდვილი გაოცება გამოიწვია.

პედაგოგი გახარებული იყო მოსწავლეთა ცოდნით, ინტერესით, მოსმენისა და ქცევის კულტურით.

გაკვეთილმა 1სთ და 30 წთ გასტანა. მოსწავლეებს წამოსვლა აღარ უნდოდათ. დრომაც სწრაფად, შეუმჩნევლად გაიარა.

დამშვიდობებისას, როგორც ყოველთვის სამომავლო გეგმები და ერთობლივი პროექტები დაიგეგმა.

მუზეუმში ჩატარებული გაკვეთილი შეუზღუდავი, სახალისო და სტიმულის მომცემი იყო. მუზეუმის ხელმძღვანელობის ნებართვით გადაღებულ იქნა მუზეუმში ჩატარებული გასვლითი გაკვეთილისა და სამუზეუმო ექსპონატების ამსახველი ფოტომასალა თვალსაჩინოებისათვის.

მუზეუმში ჩატარებული გასვლითი გაკვეთილი ხელს უწყობს სკოლაში მიღებული ცოდნის განმტკიცებას, ახალი ინფორმაციის ათვისებას, პატივისცემის გრძნობის გამომუშავებას, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურისა და ადამიანის შრომის მიმართ შემოქმედებითი აზროვნების, წარმოსახვის, გემოვნების, ხედვის, დაკვირვებისა და მხედველობითი მეხსიერების ფორმირებას.

გასვლითი გაკვეთილის პროცესში წამოიჭრა მრავალი კითხვა, რომელთა შესახებაც კვალიფიციურად იმსჯელეს და გასცეს პასუხები ექსკურსიამძღოლმა და პედაგოგმა.

მუზეუმის ისტორიულ გარემოში გაკვეთილის ჩატარება რეალობის აღქმის უნარს აძლიერებს. უშუალო კონტაქტი ხელოვნების ნიმუშთან ქმნის კიდევ უფრო დიდ ეფექტს და აღძრავს სწავლის მოტივაციას, სიღრმისეულ გაგებას, შემეცნებას, ანალიზსა და ტრანსფერს.